
საქართველოში 500–ზე მეტი უნიკალური VitisVinifera ყურძნის ჯიშია. ყურძნის ადგილობრივი ჯიშების გარდა, ბევრია უცხოურიც. საქართველოში წარმოებული ღვინო გამოირჩევა უნიკალური, მრავალფეროვანი არომატით. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები (განსაკუთრებით კახეთის რეგიონში) ქმნის საუკეთესო პირობებს მაღალი ხარისხის მეღვინეობის განვითარებისათვის.
ორგანული წარმოების უნიკალური და უძველესი მეთოდი (ქვევრი), ყველაზე სანუკვარი კულტურული მემკვიდრეობაა. არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად, ქვევრის ასაკი 8000 წელზე მეტისაა. მეღვინეობის ამ უძველესმა ტრადიციულმა ქართულმა მეთოდმა 2013 წელს მიიღო იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ქვევრს იყენებენ ქართული ტრადიციული ღვინოების დუღილის, შენახვისა და დაძველებისთვის. კვერცხის ფორმის ამფორების მსგავსად, სახელურების გარეშე, ისინი მიწისქვეშ არიან დაფლულნი.